07 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
"გასაგებია საით მიდის სამხრეთ ოსეთის ოდისეა, ის ყირიმის ბედს გაიზიარებს" - ლევან ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში, ქართულ მედიაში არსებული პრორუსული პროპაგანდის შესახებ საუბრობს.ის გაზეთ ასავალ-დასავალს სიბინძურით სავსე ქაღალდს უწოდებს.

“ეს მიუთითებს ძალიან ცუდ გემოვნებაზე, როგორც უნდა იყოს იდეოლოგიურად, ასავალ-დასავალი სერიოზულად პრესის ორგანო არ არის, ეს არის სიბინძურით სავსე ქაღალდი, იმიტომ, რომ ის ვერც მოქმედებს ისე, როგორც შეიძლებოდა, რომ ემოქმედა, რომ ყოფილიყო უფრო ხარისხიანი. იქ რაც იწერება ყველაფერი აგებულია ერთ რამეზე, რომ არის კარგი ხალხი და არის ძალიან ცუდი ხალხი. კარგი ხალხი არიან ვაჟკაცები, თამამები, ირაკლი ღარიბაშვილის ნაირები და ბიძინას ნაირი,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ასევე რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციაზეც ამახვილებს ყურადღებას.

“აქ ჩვენ რომ გვყოლოდა პუტინის კაცი და პუტინის ხელისუფლება, ჩვენ არ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება და მითუმეტეს არ გვექნებოდა ვიზალიბერალიზაცია. ვიზალიბერალიზაცია ძალიან გამაღიზიანებელი იყო რუსეთისთვის, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების გამო უკრაინაში ომი დაიწყო, ამიტომ ეს არ არის პრორუსული ძალა,“- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცხინვალი ყირიმის ბედს გაიზიარებს, ქართული სახელმწიფო კი ამ პრობლემასთან უძლურია.

“რუსეთი არის ბიძინა ივანიშვილისთვის ქვეყანა, რომელმაც არ უნდა დაგვარტყას და რომელიც რაღაცნაირად უნდა გავაჩეროთ იმით, რომ ტერიტორიები რომ აქვს აღებული და მცოცავ ანექსიას რომ აწარმოებს და საზღვარს გამოგვიცხადებს თბილისიდან 40 კილომეტრში, იმიტომ, რომ ყველამ ვიცით საით მიდის ახლა სამხრეთ ოსური ოდისეა, გასაგებია ის ყირიმის ბედს გაიზიარებს, ეს ყველაფერი მზადდება და ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. ჩვენი სახელმწიფო უძლურია ამ პრობლემასთან,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

 

დღის ამბები