08 მაისი 2024,   19:05
ვრცლად
დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა იწყება

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა იწყება. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრები 15 მაისს, თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა უკვე პარლამენტში განახლდება. მმართველ გუნდში საყოველთაო განხილვების დაწყებას პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს უწოდებენ.

„ჩვენი ყველას ვალია, რომ ჩავატაროთ თუნდაც დაპირისპირების ჭიდილი იმ პირობებში, რასაც ჰქვია კონსტრუქციული კამათი და აზრთა დაპირისპირება და არა პიროვნებების დაპირისპირება ერთმანეთთან. ფაქტობრივად გვთავაზობენ, რომ შეიქმნას ერთიდაიგივე ლეგიტიმაციის ორი ინსტიტუტი, რომელიც იქნება ერთმანეთთან დაპირისპირებული და ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ჩაერთვება ევროპული საქართველო. პარტიის ლიდერების თქმით, ისინი შეხვედრებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური პროექტის ხარვეზებზეც გეგმავენ საუბარს.

„შევეცდებით, რომ დამსწრე აუდიტორიას ძალიან დეტალურად ავუხსნათ რა არის არასწორი იმ მიდგომაში, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს, როდესაც ერთის მხრივ, საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით ახდენენ ფაშისტური იტალიის პერიოდის საარჩევნო კანონის შემოტანას ჩვენს კანონმდებლობაში და კონსტიტუციაში და მეორეს მხრივ, ხალხს ართმევენ უფლებას, თვითონ აირჩიონ პრეზიდენტი,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პროცესს ყალბს უწოდებს ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორც პარტიაში განმარტავენ, მოსახლეობასთან მათი შეხვედრები პარალელურ რეჟიმში გაიმართება.  

„ეს არის ადმინისტრაციული რესურსის მოზიდვა, სადაც არავითარი კრიტიკული აზრი არ იქნება გამოთქმული კონსტიტუციის მოდელთან დაკავშირებით. ასევე ყალბია ქართული ოცნების შეთავაზება პრეზიდენტისადმი, ინსტიტუტისადმი, რომელსაც ებრძვის ქართული ოცნება და რომლის გაუქმებაც უნდა. ასე რომ, ჩვენ ჩვენი საკუთარი კამპანიით სხვა პარტიებთან ერთად, დღეს უკვე ვიწყებთ ძალიან აქტიურ ჩართულობას,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები