27 აპრილი 2024,   21:50
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში - საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას ელოდება

მეორე დღეა, თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს.  გუშინ საღამოს ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში არის ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

“ძალიან ღიად, თავისუფლად ვმსჯელობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე და იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება, ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

 

საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ქართული თავდაცვის პრიორიტეტებზე, ოკუპირებული რეგიონებისთვის გამიზნულ სტრატეგიაზე, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციასა და შავი ზღვის რეგიონზე, ავღანეთსა და სირიაზე.

 

სესიის ბოლო დღეს ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტენ-მიულერი.

 

დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

 

 

დღის ამბები