28 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
არ მომწონს ის, რომ პროპორციულზე არ გადავდივართ შემდეგი არჩევნებიდან - ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ „არჩევანის“ ეთერში საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას 2016 წელს მხარი რომ დაეჭირა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, დღეს სისტემის შემობრუნების საკითხი არ დადგებოდა.

„ოპოზიციამ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, მინიმუმ, შეცდომა უნდა ვუწოდოთ ამას და დღეს, რეალურად, ჩაგვაყენა კონსესუსის მიღწევის სირთულის კუთხით, უმრავლესობის შიგნით ისეთივე რთულ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავით 2015-2016 წელში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველ გუნდში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგები მხოლოდ მაჟორიტარები არ არიან. მან აღნიშნა, რომ უმრავლესობის ნაწილი შერეული სისტემის მომხრეა, რადგან სტაბილურობის გარანტად ამას ხედავენ. ირაკლი კობახიძემ პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეების არგუმენტებზეც ისაუბრა და მათ „სუბიექტურ-ობიექტურ“ არგუმენტებად მოიხსენიებს.

„მე კიდევ ერთხელ არ მომწონს ის, რომ პროპორციულზე არ გადავდივართ შემდეგი არჩევნებიდან, თუმცა პატივს ვცემ თითოეული თანაგუნდელის პოზიციას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღარ აქვს იმედი, რომ მსგავსი უმრავლესობით რომელიმე სხვა პარტიაც შევიდეს პარლამენტში.

„გამოვრიცხავ იმას, რომ კიდევ ერთხელ 116 დეპუტატით შევიდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია პარლამენტში,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ის აღნიშნავს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ბარიერი 3%-მდე დაიწევს.

„თუ რეალურად პარტია არის პარტია, მას უნდა ჰქონდეს 50 000 ხმის მიღების რესურსი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები