08 მაისი 2024,   18:40
ვრცლად
მიზანი იყო, რომ პროცესი მაქსიმალურად დაზარალებულიყო - თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება 

საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტს და კონსტიტუციური პროექტის განხილვისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს მმართველი გუნდი მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია მოქმედებს წინასწარ გამიზნული სცენარით, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებით შედის.

„ეს ყველაფერი გაკეთდა რა თქმა უნდა, გამიზნულად. რა თქმა უნდა, ეს იყო წინაწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი. მათ სურთ, რომ ამ პროცესს მიაყენონ ჩრდილი და აჩვენონ, რომ კონსტიტუციური პროექტის განხილვა მიმდინარეობს თითქოს ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ. არ არის ეს სწორი და არ არის ეს მართებული,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციის მიერ პროცესის დაზარალების მცდელობაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც.

„ბევრი კომპრომისი გახდა საჭირო, როგორც გუნდის შიგნით, ასევე ძალიან ბევრი რამ იყო დათმობილი. არასამთავრობოების რეკომენდაციებით იყო უამრავი რამ გათვალისწინებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლოს მაინც მივიღეთ ის სიტუაცია, როდესაც დარბაზში არიან მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, მიზანი ეს იყო, რომ ეს პროცესი დაზარალებულიყო მაქსიმალურად,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.  

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას მმართველი გუნდი პარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი გუშინ პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ სრული შემადგენლობით დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები