07 მაისი 2024,   18:10
ვრცლად
ყოველთვიურად დამატებითი 50 ლარი - უდუმაშვილი სოციალურად დაუცველებს დახმარებას ჰპირდება

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება. მერობის კანდიდატის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელსაც 200 ათასამდე სარეიტინგო ქულა ექნება, დამატებით ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებს.

ზაალ უდუმაშვილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილს დღეს თბილისის საკრებულოში შეხვდა და პროგრამა გააცნო. მერობის კანდიდატს უკვე დათვლილი აქვს, რა რაოდენობის თანხაა საჭირო მისი ინიციატივის განხორციელებისთვის.

უდუმაშვილი მერიის ბიუროკრატიული ფინანსური რესურსიდან 100 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს და, მისი თქმით, სწორედ ეს თანხა სოციალურად დაუცველების მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით, 7 ათას სოციალურად დაუცველს სარეიტინგო ქულა გაეზარდა, რაც ავტომატურად, მათთვის ფულადი დახმარების რაოდენობის შემცირებას ნიშნავს. მოქალაქეების ნაწილს კი ასეთი დახმარება საერთოდ მოეხსნა.

კანდიდატთან შეხვედრაზე დღეს სწორედ ამ პრობლემებზე ისაუბრეს.

სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებთან მერობის კანდიდატის შეხვედრა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომის ფარგლებში შედგა. დეპუტატების განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ფორმატით სხდომის ჩატარება კანონით დასაშვებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები