11 დეკემბერი 2017,   09:35
ვრცლად
დავით საყვარელიძე და უკრაინის რადას 5 დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის საგამოძიებო უწყებამ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ორშაბათს დაკითხვაზე დაიბარა. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს საზღვრის უკანონოდ-ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან.

საქმე ერთდროულად სისხლის სამართლის 3 მუხლით არის აღძრული. მათ შორის არის სახელმწიფო საზღვრზე პირების უკანონოდ გადაყვანა, სამართალდამდაცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჯგუფური არეულობის მოწყობა.

დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ მათი გეგმები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არ შეიცვლება. როგორც საყვარელიძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რას ედავება პროკურატურა.

„ეს უკავშირდება აქტიურ ბრძოლას, როგორც უკრაინისთვის ისე საქართველოსთვის. ბევრს ეს ესმის, ბევრს არა. არსებობს ადამიანის, არა მარტო პოლიტიკოსის, არამედ კაცის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომელ მხარეს დგახარ. არავითარი კანონი იქ არ დარღვეულა,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძის ეჭვმიტანილად ცნობის პარალელურად, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. მის სახლში პოლიციელებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ბინაში კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი და ათასამდე ვაზნასთან ერთად აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან კავშირის გამო დაკითხვაზე დაიბარა რადას 5 დეპუტატი, მათ შორის, არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი იულია ტიმოშენკო.

ევროპარლამენტში ბრიტანელმა დეპუტატმა, ჩარლზ ტენოკიმ საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარებს პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილების დაგმობისკენ მოუწოდა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა პროტოკოლი 69 ადამიანზე შეადგინა, რომლებმაც მათი მტკიცებით, შეგინის სასაზღვრო პუნქტი უკანონოდ გადაკვეთეს. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები