21 ნოემბერი 2017,   00:56
ვრცლად
ოქრუაშვილის და ელისაშვილის შეხვედრის ფარული კადრები - ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნოდ სუს-ის გააქტიურებაზე საუბრობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შეხვედრის ამსახველი კადრები სააგენტო primetime-მა გაავრცელა.

12-წამიან ვიდეოში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად გადაადგილდება. კადრები რესტორან "ურმულში" 6 ოქტომბერსაა გადაღებული. ელისაშვილის მტკიცებით, შეხვედრა ოქრუაშვილის ინიციატივით შედგა და მას თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეგობრებიც ესწრებოდნენ. ელისაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეს მისი და ოქრუაშვილის ერთადერთი შეხვედრა იყო.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს უარყო ინფორმაცია მის მიერ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა, რომელიც მისი ინიციატივით გაიმართა, კონსპირაციული არ ყოფილა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეჭვობს, რომ მედიას ფარული ვიდეო ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

ოპოზიციის ნაწილი, ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, დარწმუნებულია რომ ფარული ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა. ისინი სუს-ის გააქტიურებას წინა საარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.

პოლიტიკოსების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ელისაშვილს მხარდაჭერას ფინანსურადაც უწევდეს.

მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

დღის ამბები