28 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში რჩება - ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლო პოზიციას არ ცვლის

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მოსამართლეთა სექციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ევროპელი მოსამართლეები საბოლოოდ ადასტურებენ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა.

დიდმა პალატამ დაადგინა, რომ თავდაპირველად, ქართული გამოძიების მიზანი გონივრულ ეჭვზე დაფუძნებული ბრალდებების გამოძიება იყო, თუმცა მოგვიანებით მთავარი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მოპოვება გახდა.

„სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი 2013 წლის 25 სექტემბრიდან მოყოლებული, რადგან წინასწარი პატიმრობა უკვე აღარ იყო გამყარებული საკმარისი საფუძვლებით. 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლო ძალაში ტოვებს, რომ დაირღვა კონვენციის მეთვრამეტე მუხლი, უფლებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ, მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთად,“- განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ, გვიდო რაიმონდმა.

დიდი პალატის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ ევროპის სასამართლოს ვებგვერდზე მისი სამოტივაციო ნაწილი განთავსდა.

„სასამართლოს დასკვნის თანახმად, დადგენილი არ არის, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა საქართველოს პოლიტიკური სცენიდან მის ჩამოშორებას გულისხმობდა. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები წინასწარი პატიმრობის დროს საკნიდან ფარულად გაყვანასა და გვიან ღამით დაკითხვებთან დაკავშირებით დამაჯერებელია და დამტკიცებულიც. სასამართლო ყველა გარემოების გათვალისწინების ფონზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დროთა განმავლობაში მერაბიშვილის თავისუფლების შეზღუდვის მიზანი შეიცვალა. მაშინ როდესაც დასაწყისში მიზანი გონივრულ ეჭვზე დაფუძნებული ბრალდებების გამოძიება იყო, მოგვიანებით მიზანი გახდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ამგვარად ეს განკუთვნილი იყო ფარული მიზნებისთვის, რასაც კონვენცია არ ითვალისწინებს. იმ დროს, როდესაც განმცხადებელი საკნიდან გაიყვანეს მისი დაკავების მიზანი შეიცვალა და ამ მიზნის გამო კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა,“- აღნიშნულია ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

დიდი პალატის გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს გადაეცემა, რომელიც გააკონტროლებს, როგორ წარიმართება აღსრულების პროცესი.

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები