26 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდვები კვლავ რჩება

მლეთა-გუდაურის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ორმხრივი მოძრაობა უკვე აღდგენილია. აქ მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. თუმცა, ჯერჯერობით, კვლავ მოქმედებს შეზღუდვა კობი-გუდაურის მონაკვეთზე, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, შესაძლოა, კობი-გუდაურის მონაკვეთი ხვალამდე ვერ გაიხსნას.

ადამიანები, რომლებმაც მთელი ღამე მლეთა-გუდაურის გზაზე გაატარეს, სადაც ზვავსაშიშროება იყო, ყვებიან, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაში მოუწიათ ღამის გატარება, რადგან ძალიან ციოდა და მათ საწვავი და საკვები უთავდებოდათ.

მათი თქმით, მუნიციპალიტეტიდან მათი ამბების გარკვევა არავის უცდია. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ თოვლში ჩარჩენილებს ინფორმაციას მხოლოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აწვდიდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს საავტომობილო ტრასებზე, კობი-გუდაურის მონაკვეთზე.

მას შემდეგ, რაც შეწყდება ინტენსიური თოვა, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

დღის ამბები