26 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
გუდაურში საბაგიროზე დაშავებული 4 პაციენტი ღუდუშაურის საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებს
გუდაურში საბაგიროზე დაშავებული 4 პაციენტი ღუდუშაურის საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებს, ერთ დაშავებულს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობაც სტაბილურია.
 
ამის შესახებ ღუდუშაურის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის განყოფილების უფროსმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ, განაცხადა.

მისი განცხადებით, ამჟამად ღუდუშაურის საავადმყოფოში არის 5 პაციენტი - უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

”4 მათგანს აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა აქვთ. ალბათ, დღეს, ხვალ ისინი კლინიკას დატოვებენ. ერთი იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში. გუშინ ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადიოდა ამ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ალბათ, რამდენიმე საათში აპარატიდან მოიხსნება. ჩვენ აბსოლოტურად სტაბილურად განვიხილავთ ვითარებას და ვფიქრობთ, რომ გამოსავალი პოზიტიური იქნება," - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, ღუდუშაურის საავადმყოფოში თავდაპირველად სულ 7 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა, რამდენიმემ კლინიკა დატოვა და ამჟამად საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება.

რაც შეეხება ერთს, რომელიც რეანიმაციაშია, ექიმის განცხადებით, გუშინ ჩატარდა ოპერაცია ხერხემლის სვეტის დაზიანების გამო, ასევე დაზიანებული იყო მხარი და ლავიწი.

”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამ მომენტისთვის სტაბილურია. განვიხილავთ, როგორც სტაბილური მდგომარეობას,” - აღნიშნა ექიმმა.
 
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ექიმის ინფორმაციით, არის მცირედი დაზიანებები, დაჟეჟილობები, რომლებიც განსაკუთარებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებენ.
დაშავებულების მოსანახულებლად საავადმყოფოში ვიცეპრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი იმყოფებოდა. 
დღის ამბები