18 ოქტომბერი 2018,   23:12
ვრცლად
"ამ ექსტრემისტული ჯგუფების აღზევება მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში,"- მესამე სექტორი "რუსთავი 2"-ზე მომხდარ თავდასხმას აფასებს

"რუსთავი 2"-ზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს მოუწოდებენ ამ პროცესების  შესწავლის დროს  რამდენიმე მიმართულებით გაამახვილოს ყურადღება.  მათ შორის, ხომ არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

„აქ საუბარია ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, ასევე ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ შესაძლო დანაშაულის შემადგენელ ნაწილზე, რომელიც გამოძიების დროს უნდა იყოს შესწავლილი და განხილული. ამიტომაც მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ დროულად და ეფექტურად მიიღონ გადაწყვეტილებები,“-განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს სამართალდამცავებს ეკა გიგაური. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულში ჩართული პირები დაისაჯონ.

„ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას იცავს კონსტიტუცია და კანონი, თუმცა ეს გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გადასცდეს კანონით დადგენილ ნორმებს და ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

მომხდარს ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორიც. ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ  თუ რომელიმე მოქალაქეს აქვს პრეტენზია გაშუქებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ დაირღვა პროფესიული სტანდარტები, ამისთვის მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს ან ქარტიას.

„სხვა სივრცეში უნდა იყოს განხილული სტანდარტის შესაძლო დარღვევა და არა ამგვარი ძალადობის ფორმით, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი,“-განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ამ ექსტრემისტული დაჯგუფებების აღზევება სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა.

„ხაზი უნდა გავუსვათ ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ვინაიდან ამ ექსტრემისტული ჯგუფების აღზევება მოხდა სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში. მათი დაუსჯელობა ჩვენ გვახსოვს ას-ლარიანი ჯარიმებით. როგორ ახალისებდნენ შემდეგ ძალადობას და რაც მთავარია ტელეკომპანია "კავკასიაში" შეჭრისთვის დაპატიმრებული  პირები ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა, როგორც პოლიტპატიმრები,“-განაცხადა  თამარ კინწურაშვილმა. 

  

დღის ამბები