02 მაისი 2024,   15:08
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებები - გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე კომპრომისზე წასვლას გეგმავს 

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, კომპრომისზე წავიდეს. სანაცვლოდ კი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ საბერძნეთში დიპლომატიურ სამსახურში განაგრძოს მუშაობა.  

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, დავით დონდუა დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება, ვინაიდან რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს საქართველოს საკუთარი ვერსია ძალის არ გამოყენების შესახებ, სადაც ის მხარედ არ იქნება წარმოდგენილი. 

„იმდენად ბუნდოვანი იყო განცხადებები, რომ ამ დოკუმენტის მიღმა იმალება ქართული მხარის ის ნაბიჯი, რომელიც იქნება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაციაც ვრცელდება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელზე, ბატონ დავით დონდუაზე არის გაძლიერებული ზეწოლა, მათ შორის, ქართული მხარის მხრიდან, რომ დათანხმდეს რუსულ წინადადებას და სანაცვლოდ, მან ჯილდოს სახით მოიპოვოს ელჩის სტატუსი, როგორც ვიცით, საბერძნეთში. ისტორიული პასუხისმგებლობა ექნება ყველას, ვინც უშუალო მონაწილეობას მიიღებს ამაში, ვინც უშუალოდ გააფორმებს ამ შეთანხმებას, რომელიც ნამდვილად არის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კალანდაძემ.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ჟენევის მოლაპარაკაბებზე ქართული მხარის მიერ დათმობაზე წასვლა სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი იქნება. 

„არცერთი თანამდებობა, არც ელჩის თანამდებობა არ ღირს იმად, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთს მაშველი რგოლი გადავუგდოთ, მივცეთ საშუალება, დისტანცირება მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ომიდან და მოგვევლინოს. როგორც მხოლოდ მომლაპარაკებელი და მომრიგებელი ამ სიტუაციაში,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები