24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და მათი ხელმძღვანელების ანაზღაურება - ენმ სახელფასო ზღვარის დაწესებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და მათი ხელმძღვანელების ანაზღაურების გადახედვას ითხოვს. პარტიის ინიციატივაა, დადგინდეს ხელფასის ზედა ზღვარი. რომან გოცირიძის განცხადებით, ლოგიკური იქნება, თუ განისაზღვრება, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრების ხელფასები პრეზიდენტის ხელფასზე მაღალი არ იყოს.

„ჩვენ ამას ვიწყებთ, ვიწყებთ გონივრული ნაბიჯით, რომ არ უნდა იყოს პრეზიდენტის ხელფასზე მეტი. პრეზიდენტის ხელფასი არის 7000 ლარი. იყავით პრეზიდენტი, წარმოიდგინონ, რომ არიან პრეზიდენტები და მიიღონ ამდენი ხელფასი. მაგრამ პრეზიდენტის, პრემიერისა და რომელიღაცა მინისტრის სამივეს აღებული ხელფასი იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე რომელიღაც მარეგულირებელი კომისიის რიგითი წევრისა, არის აბსურდი და ამ აბსურდს გვინდა რომ ბოლო მოვუღოთ,“- აცხადებს რომან გოცირიძე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ნათელია, რომ ქვეყანაში სახელფასო პოლიტიკა ლოგიკას აცდა. მისი თქმით, ხელფასების საკითხის განხილვა და გარკვეულ ზღვარზე მსჯელობა საინტერესო ინიციატივაა.

„ის დრო, როდესაც ეს ხელფასების ჯერი განისაზღვრა მაშინ ცხადია, კორუფციის რისკი იყო ერთ-ერთი არგუმენტი და ეს სწორია, მაგრამ იმის შემდეგ სახელფასო პოლიტიკა გარკვეულ ლოგიკას აცდა, ჩემი აზრით და შემდეგ არ გაგრძელდა ყველა სეგმენტში არ გვაქვს ჩვენ ლოგიკური გადაწყვეტილებები. იმისათვის, რომ ეს ზოგადად განხილვის საგანი გახდეს საინტერესოდ მეჩვენება,“-აცხადებს რომან კაკულია.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სხვადასხვა სეგმენტში ხელფასების დიფერენცირება უნდა იყოს. გია ვოლსკის თქმით, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიუთითებენ, რომ ხელფასები და შემოსავლები განსხვავებული უნდა იყოს.

„ეგეთი მშრალი შეხედულება არ აქვთ, ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციებს და გარკვეულ პროფესიონალურ ზედამხედველ ორგანიზაციებს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს ხელფასები და შემოსავლები განსხვავებული უნდა იყოს. ბევრი ფაქტორი გაითვალისწინება თუმცა, მე პირადად, არ ვყოფილვარ ამ განხილვებში ინტენსიურად ჩართული, მაგრამ თუკი ეს საკითხი შემოვა ისევ ვფიქრობ ამ თემაზე საკმაოდ არგუმენტირებული პასუხებიც არსებობს,“- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება მარეგულირებელი კომისიის წევრებს იმაზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდეთ, ვიდრე პრემიერს ან პრეზიდენტის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ამ საკითხზე საჭიროა ფართო დისკუსია.

(IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, საბა ბუაძე ამბობს, რომ მართალია თანამდებობები არის მაღალი კორუფციის რისკის შემცველი, თუმცა კონკრეტულად მარეგულირებელი კომისიები ამ თვალსაზრისით არ გამოირჩევიან.

დღის ამბები