24 ოქტომბერი 2024,   01:19
ვრცლად
შეშფოთდნენ, რომ უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო იყო, ვერანაირ დარღვევებზე საერთოდ ვერ საუბრობდნენ და უცბად გამოიგონეს კონკრეტული თემა - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" წინასაარჩევნო გარემოზე და ეუთო/ოდირის შესაბამისი პერიოდის შეფასებაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციის იმ ბრალდებებზე, რომელიც არც ერთ მტკიცებულებასა თუ ფაქტზე არ არის დამყარებული.

"რაც შეეხება სიმშვიდეს, ეს არჩევნები არის უპრეცენდენტოდ მშვიდი. რაც შეეხება არჩევნების კონკურენტულობას, აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფლად რეგისტრაციის გავლის საშუალება; ყველას აქვს კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, აბსოლუტურად თანასწორია პირობები; ყველას შეუძლია ნებისმიერი ტიპის სააგიტაციო-სარეკლამო მასალა განათავსოს, იქნება ეს ტელეეთერი, ბილბორდები, თუ ნებისმიერი სხვა საშუალება. აბსოლუტურად კონკურენტულია არჩევნები, ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ საკუთარი გზავნილები გაუზიაროს საზოგადოებას.

მეორე საკითხია - რამდენად ეფექტური და ეფექტიანია ოპოზიციის კამპანია, მაგრამ ყველას აქვს აბსოლუტურად თანაბარი შესაძლებლობა. არჩევნები არის აბსოლუტურად თავისუფალი. რეალურად საბაბიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ ოპოზიციამ, ენჯეოებმა ისაუბრონ არჩევნებთან დაკავშირებით ნეგატიურ კონტექსტში და რაიმე არსებითი ჩრდილი მიაყენონ ამ არჩევნებს.

რეალურად რა ხდებოდა ნახეთ, შეშფოთდნენ, რომ უპრეცენდენტო საარჩევნო გარემო იყო, უპრეცენდენტოდ მშვიდი, ვერანაირ დარღვევებზე საერთოდ ვერ საუბრობდნენ და უცბად გამოიგონეს კონკრეტული თემა. აიღეს რუსთავის შემთხვევა, როგორც ჩანს შემთხვევით გაიგო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, რომ მოთხოვეს პირადობის მოწმობები კონტრაქტების გასაგრძელებლად და ამისი მტკიცებულებები არსებობს, მერიის[მერის] კონკრეტულ სამსახურში, რუსთავის მუნიციპალიტეტში, და ამის გამოყენება ჟურნალისტმა სცადა იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პირადობები ამ ადამიანების მიატანინეს საარჩევნო მიზნებისათვის, მაშინ, როდესაც ყველანაირი მტკიცებულებით დასტურდება, რომ არჩევნებთან საერთოდ არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა.

ზუგდიდშიც, არავითარი ფაქტი ან მტკიცებულება, გამოვიყვან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ხვალვე ვათქმევინებ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ მისთვის პირადობის ჩამორთმევას.

ჯერ წარმოიდგინეთ, რა დონეზე აბსურდული თემაა, რომ შენ უცბად გადაწყვიტე ადამიანებს ჩამოართვა პირადობის მოწმობები და თან ვის - ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობის“ გამოკვეთილი მხარდამჭერები. ჯერ რამდენს უნდა ჩამოართვა ეს პირადობა და მერე, აბსოლუტური სულელი უნდა იყო, რომ ასეთ რისკზე წახვიდე. პირდაპირ შედიხარ სხვა ოპოზიციური პარტიის ელექტორატში და იქ ცდილობ პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. ისეთი აბსურდული ამბავია, რომ აქაც იგივეა, შეშფოთდნენ იმით, რომ არავითარი პრეტენზიის საფუძველი არ ჰქონდათ, უცბად რაღაც კაპმანია მოიგონეს, რომელიც ეგრევე ჩაუვარდათ იმიტომ, რომ მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ჩვენ იგივე რუსთავის შემთხვევაში, რომ საერთოდ სხვა რამეზე გვქონდა იქ საუბარი, ზუგდიდზე არის აბსოლუტურად ნული მტკიცებულება, შესაბამისად ეს კამპანიაც ჩავარდა.

რეალურად ხელში არაფერი არა აქვს ოპოზიციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის აბსოლუტურად მშვიდი არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული არჩევნები, რაც პრინციპში დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ერთადერთ სისტემურ პრობლემაზე იყო საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში, ეს არის ის, რაც ყველამ ვიცით - პოლარიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაში პოლარიზაცია და ამაზეა მხოლოდ ყურადღება გამახვილებული ასე არსებითად ეუთო/ოდირის დასკვნაში", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები