24 ოქტომბერი 2024,   01:14
ვრცლად
რეალურად, გეგმები გვაქვს ძალიან ამბიციური და ჩვენს გეგმებს ზურგს უმაგრებს მიღწევები გასული 12 წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს  ამბიციური გეგმები აქვს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელი კი 4%-იან ნიშნულამდე ჩამოვა.

როგორც ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, აღნიშნულ გეგმებს ზურგს 12 წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ მიღწეული წარმატებები უმაგრებს და ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ სპეკულაციებია და სხვა არაფერი.

"რეალურად, გეგმები გვაქვს ძალიან ამბიციური და ჩვენს გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის განმავლობაში. ძალიან მოკლედ ვისაუბრებ ამ მიღწევებზე. ასევე, შეგახსენებთ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს. რეალურად, ჩვენ გადმოვიბარეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მილიარდი ლარი, რაც არის ძალიან ცოტა. ჩვენ მოვახერხეთ და უკვე გავზარდეთ ბიუჯეტი 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე ანუ გასამმაგდა და კიდე უფრო გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა ამ 12 წლის განმავლობაში. ზუსტად, პროპორციულად ბიუჯეტი იყო 8,5 მილიარდი ლარი და ახლა უკვე არის, თითქმის, 28 მილიარდი ლარი. ამან, რა თქმა უნდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვია. ძალიან ბევრ ადამიანს შეეხე ეს გაუმჯობესებული ეკონომიკური მონაცემები. ეს აისახა დასაქმების მაჩვენებელზე. უმუშევრობის მაჩვენებელი იყო 26,6% და ჩამოსულია 13,7%-ზე. სიღარიბის შემცირებაზე აისახა ეს ყველაფერი.

საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს ცხოვრობდა 1 120 000 ადამიანი, მოსახლეობის 30% და უკვე 440 000-მდე არის შემცირებული, რაც ნიშნავს 11,8%-ს. ჩვენთვის ეს მიღწევაა, პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში ის, რომ სოციალურ დახმარებას ირებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. სოციალური დახმარება მარტო სიღარიბეზე ხომ არ არის მიბმული. არის ქვეყნები, სადაც სიღარიბე თითქმის ნულოვანი აქვთ და ისინიც გასცემენ სოციალურ დახმარებას იმისათვის, რომ გაათანაბრონ ადამიანების ცხოვრების პირობები. პირველად ხდება სწორედ ის, რომ სიღარიბის მაჩვენებელი არის უფრო დაბალი, ვიდრე სოციალური დახმარების მიმღები ადამიანების რაოდენობა. ეს ჩვეულებრივ მანიპულაციაა, რასაც მიმართავენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, ენჯეოებიც.

რაც შეეხება გეგმებს, ეკონომიკა უკვე არის 90 მილიარდი და ჩვენი პროგრამის მიხედვით, აუცილებლად ავალთ 130 მილიარდ ლარამდე. ბიუჯეტი დღეს თუ არის 28 მილიარდ ლარამდე, ეს აუცილებლად გაიზრდება და გადააჭარბებს 40 მილიარდ ლარს. რაც შეეხება უმუშევრობას, 4%-იან ნიშნულამდე ჩამოვალთ, ეს აბსოლუტურად რეალურია, გაჩნდება 200 000 სამუშაო ადგილი და 4% ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელია. ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელია 6%. რაც შეეხება სიღარიბეს, ამ შემთხვევაშიც 4%-იან მაჩვენებელზე ჩამოვალთ, ანუ 150 000 ჩამოსცდება იმ ადამიანების მაჩვენებელი, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა", - განაცხად ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები