23 ოქტომბერი 2024,   23:22
ვრცლად
ხაზარაძის პოლიტიკური ალიანსის სიის 52-ე ნომერი, რომელსაც გამოძიება ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმას ედავება, სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

დავით ფერაძე, რომელსაც გამოძიება ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმას ედავება, საქალაქო სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ორთაჭალაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დავით ფერაძემ, ნატა ტალიკიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავად დაზარალებული "კურიერს" უყვება, რომ დავით ფერაძემ დაზიანებები თავის არეში მიაყენა. დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. საქმეს ჰყავს მოწმეებიც.

ფერაძე დანაშაულს არ აღიარებს და აპირებს ტრანსგენდერი ქალის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი თავადაც შეიტანოს. ბრალდებული, "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ შემთხვევის დროს, აუცილებელი მოგერიებით მოქმედებდა.

დავით ფერაძე, ანა დოლიძის პარტიის ყოფილი წევრი და კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო სიის 52-ე ნომერია. ბრალდებულმა, პარტია 1 თვის წინ, -კოალიციასთან გაერთიანების მიზეზით დატოვა. დღეს "ძლიერ საქართველოში" მათი საარჩევნო სიის წევრის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს, ანა დოლიძემ კი თქვა, რომ დავით ფერაძესთან თანამშრომლობას იქამდე არ განიხილავს, სანამ გამოძიების მხრიდან ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.

მომხდარ ფაქტზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში თუმცა ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ.

სახელისუფლებო პარტიაში შემთხვევას მძიმე ფაქტს უწოდებენ. ამბობენ, რომ სისხლის სამართლის ეს საქმე კიდევ ერთხელ ააშკარავებს ოპოზიციის ყალბ ღირებულებებს.

შემთხვევა 20 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები