16 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
"კახი კალაძე უნდა ვამხილო კონკრეტულ ტყუილში"-ოპოზიცია თბილისის მერისგან ბოდიშს ითხოვს

პარლამენტში, დედაქალაქის გენგეგმის განხილვაზე ოპოზიცია არ მიუწვევიათ. ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა გააკეთეს. ელენე ხოშტარიას თქმით კახა კალაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია მიიწვია, თუმცა ისინი თავად არ გამოცხადდნენ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქალაქის მერი, ბატონო კახი კალაძე უნდა ვამხილო კონკრეტულ ტყუილში, რომელიც მან დღეს თქვა, რომ თითქოს ოპოზიცია არ მივიდა პარლამენტში გენგეგმის განხილვაზე. თითქოს ჩვენ კითხვები არ გვაქვს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, ოპოზიცია შეხვედრაზე მიწვეულები არ ვიყავით. შეხვედრის დაწყებიდან 12 წუთში თვითმმართველობის აპარატმა დარეკა  ჩვენთან და თქვა, რომ შეგვიძლია შეხვედრაზე მივიდეთ. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი იმიტომ, რომ კალაძემ მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოიმწყვდია ამ გენგეგმასთან დაკავშირებით თავი. მათ შეხვედრა დახურეს. მათ არ უნდათ კრიტიკის გაგება,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კახა კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს "ნაციონალური მოძრაობაც.“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ იცრუა როდესაც თქვა, რომ მათ საკრებულოს ოპოზიცია შეხვედრაზე მიიწვიეს.

„ამხანაგ თალაკვაძეს და ამხანაგ კალაძეს ან გაასაჯაროვონ მოწვევა თუ რა ფორმით გამოგვიგზავნეს და რა ფორმით დაგვპატიჟეს. ანდა საზოგადოებას მოუხადონ ბოდიში იმიტომ, რომ  მათ როგორც კომპარტია ისე ყაზარმულ რეჟიმში ჩაატარეს ფაქტობრივად გენერალური გეგმის  განხილვა,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გენერალური გეგმა კახა კალაძემ პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობის წევრებთან ერთად განიხილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ დოკუმენტზე გადაწყვეტილებას მერია ორშაბათს მიიღებს. მან ასევ აღნიშნა, რომ პარლამენტში შეხვედრაზე მიუხედავად მოწვევისა, ოპოზიცია არ მივიდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები