19 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
ტრაგიკული შემთხვევების მიუხედავად, საქართველოში მოქმედი შრომის ინსპექცია, თითქმის უფუნქციოა

არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, საქართველოში მოქმედი შრომის ინსპექცია, თითქმის, უფუნქციოა. 25-მა ინსპექტორმა ასობით საწარმოს ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, რასაც უფლებადამცველები შეუძლებლად მიიჩნევენ.

სამოქალაქო სექტორი, პროფკავშირები და სახალხო დამცველიც თანხმდებიან, რომ შრომის ინსპექცია ბიუროკრატიული სამსახურია, რომელიც დასაქმებულების ფულით ფინანსდება, მაგრამ მათ უფლებებს ვერ იცავს.

მხოლოდ 2018 წელს საწარმოებში 18 ადამიანი გარდაიცვალა და 12 მძიმედ დაშავდა. ამ მონაცემების გამო სახალხო დამცველი ბოლო ანგარიშში წერს, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ მდგომარეობა საქართველოში საგანგაშოა. ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დასაქმებულების სიცოცხლის დაცვის მიზნით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

შრომის ინსპექცია ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, სახალხო დამცველი კი მოითხოვს, რომ ის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდეს და ზეწოლისგან გათავისუფლდეს. არსებობს ეჭვი რომ დავით სერგეენკოს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება საწარმოების შემოწმების დროს მთავრობის გავლენის ქვეშ ექცევა და ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს.

შრომის ინსპექციის შექმნას საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებდა. შესაბამისი კონვენციის მიხედვით ინსპექცია უნდა ჩამოყალიბებულიყო არა სახელმწიფო უწყების დაქვემდებარებაში, არამედ როგორც დამოუკიდებელი სააგენტო.

უფლებადამცველების თქმით, რეკომენდაციების მიუხედევად, ხელისუფლება დასაქმებულების სიცოცხლის დაცვისთვის რეგულაციებს არ ამკაცრებს. ამის შესაძლებლობას შრომის უსაფრთხოების ახალი კანონიც არ იძლევა, რომელიც პარლამენტმა ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ დაამტკიცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები