20 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
ქუთაისში უსახლკაროდ დარჩენილი დედა-შვილი თავშესაფრის ძიებაშია

ქუთაისში უსახლკაროდ დარჩენილი დედა-შვილი თავშესაფრის ძიებაშია. მანანა ლაგვილავა და მისი მოხუცი დედა, ჟენია ლაგვილავა ქუჩაში რძალმა გააგდო და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბინა მოტყუებით წაართვა.

შვილმა, მანანა ლაგვილავამ ავადმყოფი დედა ექიმთან წაიყვანა, უკან დაბრუნებულებს სახლის კარი დაკეტილი დახვდა. მოგვიანებით რძალმა ტელეფონით უთხრა, რომ ბინა მისი საკუთრებაა და ლაგვილავებს იქ აღარ შეუშვებდა.

წლებია, რაც ოჯახი ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე ცხოვრობს. დედა-შვილი ამტკიცებს, რომ სადავო ბინა 2003 წელს სწორედ მათი თანხით შეიძინეს, თუმცა მესაკუთრედ დარეგისტრირება ვეღარ მოახერხეს.

ლაგვილავები ირწმუნებიან, რომ რძალმა შვილებთან ერთად 2016 წელს ბინა ფარულად დაისაკუთრა და ამის შემდეგ სახლიდან გაგდებით ემუქრებოდა.

უკვე 2 წელია ქუთაისის სასამართლო ნინო ნუცუბიძისა და მისი შვილის, სავარაუდო, დანაშაულს, ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეს სწავლობს. ქუჩაში დარჩენილი დედა-შვილის ადვოკატი ამბობს, რომ ძალადობის გამო ლაგვილავების რძალზე პოლიციამ შემაკავებელი ორდერიც არაერთხელ გამოსცა.

ქუჩაში დარჩენილი 79 წლის ავადმყოფი ქალი მის შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში შეიფარეს, მომდევნო ღამეს კი საავადმყოფოში გაათენებენ. 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები