19 აპრილი 2024,   01:45
ვრცლად
სამეგრელოში ფაროსანას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ებრძვის - მათი თქმით, ქიმიური ნივთიერებით დამუშავების შემდეგ მწერი არ კვდება

სამეგრელოში ფაროსანას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ებრძვის. ზუგდიდის რაიონის სოფლებში ყვებიან, რომ დათბობის შემდეგ მავნებელმა მწერმა გაიღვიძა და შარშანდელთან შედარებით, გაორმაგებული რაოდენობით შეესია მოსავალსაც და საცხოვრებელ სახლებსაც.

მოსახლეობა ამბობს, რომ შესაწამლი საშუალებები, რომელიც ხელისუფლებამ ურჩია, არ მოქმედებს. ქიმიური ნივთიერებით დამუშავების შემდეგ მწერი იძინებს და რამდენიმე საათის შემდეგ ისევ იღვიძებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პესტიციდების მოქმედების შემთხვევაშიც მათი საკარმიდამო ტერიტორიის შეწამვლას აზრი არა აქვს, რადგან ტყე არ იწამლება და მავნებელი მწერი გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ სახლებსაა და ნათესებს ისევ უტევს.

ავიაციის გამოყენებას და ტყეების შეწამვლას კატეგორიულად გამორიცხავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ამბობენ, რომ კანონი სახელმწიფოს ამის უფლებას არ აძლევს.

მათი თქმით, ტყეების გასწვრივ ე.წ. ფერომონები განათავსეს, რაც ძირითადად მონიტორინგისთვის და არა მწერის განადგურებისთვის გამოიყენება.

მოსახლეობის პრეტენზიებს ადგილობრივი მთავრობაც პასუხობს.

მუნიციპალიტეტში აღიარებენ, რომ ის, რაც შარშან უფასო იყო, წელს მოსახლეობისთვის ფასიანია. შესაწამლ საშუალებებს საკარმიდამო ნაკვეთების დასამუშავებლად ადგილობრივები თავად ყიდულობენ.

ფასები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა არ იცის. კომერციულ მაღაზიებში, სადაც ის მოსახლეობას ამ პრეპარატების შეძენას ურჩევს, პესტიციდების ფასი 50-დან 80 ლარამდეა. შეწამვლის გამეორება თითოეულ მოსახლეს, დაახლოებით, 20-25 დღეში ერთხელ მოუწევს, ეს კი მათთვის საკმაოდ დიდი ხარჯია.

მავნებელი მწერისგან შეწუხებული ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ხარჯსაც გაიღებენ, თუმცა, იმის გარანტია, რომ ის ფაროსანაზე იმოქმედებს, არ არსებობს. 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები