25 ოქტომბერი 2021,   05:15
ვრცლად
ხავერდოვანი რევოლუციის მიზანი შესრულებულია - ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრია 

ყოფილი ჟურნალისტი და დეპუტატი, 42 წლის ნიკოლ პაშინიანი, უკვე სომხეთის პრემიერ-მინისტრია. რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ხავერდოვანი რევოლუციის ავტორი დღეს საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

პაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკური პარტიის მთავრობას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც 10-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, სერჟ სარქისიანმა ხალხისთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა და პრემიერ-მინისტრობა გადაწყვიტა.

სომხეთში სახალხო დაუმორჩილებლობის მოძრაობა დაიწყო, რომელსაც სათავეში თავად ნიკოლ პაშინიანი ჩაუდგა. საპროტესტო მსვლელობებმა ლოზუნგით - "უარი უთხარი სერჟ სარქისიანს", მთელი ქვეყანა მოიცვა.

ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგიც სცადა. ამის შემდეგ აქციებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ოპოზიციის ლიდერმა კი ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

16 აპრილს ერევნის ქუჩებში ერთმანეთს პოლიციელები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. სახალხო მოძრაობასთან ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატურის განხილვას დასთანხმდა. თუმცა, ნიკოლ პაშინიანს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. პრემიერის პოსტზე დასამტკიცებლად მას 7 ხმა დააკლდა.

2 მაისიდან სომხეთში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. დემონსტრანტებმა გადაკეტეს მთავარი მაგისტრალები და აეროპორტის გზაც. დღის ბოლოს კი ხელისუფლება მორიგ დათმობაზე წავიდა და პირობა დადო, რომ განმეორებით კენჭისყრაზე პარლამენტში ოპოზიციის კანდიდატს მხარს დაუჭერდა.

რესპუბლიკურმა პარტიამ დაპირება შეასრულა. დღეს სომხეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით ხალხის რჩეული კანდიდატი - ნიკოლ პაშინიანი, დაამტკიცა.

ხავერდოვანი რევოლუციის მიზანი მიღწეულია. სომხეთში რესპუბლიკური პარტიის 20-წლიანი მმართველობა დასრულდა.

 

დღის ამბები