23 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
პრემიერი არასდროს ტოვებს სხდომათა დარბაზს და ეს არის სწორი დამოკიდებულება პარლამენტის მიმართ - ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას და მის მიერ საკანონმდებლო ორგანოს პროტესტის ნიშნად დატოვებას პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რეგლამენტი წინასწარ არის ყოველთვის განსაზღვრული და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კობახიძე განმარტავს, რომ ფორმატის მიხედვით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამოდიან ფრაქციების ხელმძღვანელები და შემდგომ იწყება დებატები დეპუტატებს შორის და ეს იცოდა ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციამაც.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მთავრობა მიდის პარლამენტში, მთავრობის მეთაური არასდროს არ ტოვებს სხდომათა დარბაზს.

„ეს არის პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის მიმართ და სწორი დამოკიდებულება ინსტიტუტის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ გიორგი კვირიკაშვილისგან განსხვავებით, ეს პასუხისმგებლობა არა აქვს პრეზიდენტს.

 „პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის. მათ შორის, უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საქართველოს მთავრობისთვის. თუ  პრეზიდენტი აძლევს მთავრობას ამ მაგალითს, რომ ის შეიძლება, ნებისმიერ დროს გავიდეს სხდომათა დარბაზიდან, როდესაც გამოდიან მის მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები, ამ შემთხვევაში როგორ ტრადიციას ამკვიდრებს საქართველოს პრეზიდენტი?“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნებოდა წამგებიანი თავად მისთვისაც, თუმცა, მმართველი გუნდისთვის მთავარი იყო ის, რომ ინსტიტუტისთვის ეცა პატივი და არა ის, რომ მომგებიან პოზიციაში ყოფილიყო.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები