27 აპრილი 2024,   05:44
ვრცლად
თბილისის მერთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - მეტროპოლიტენი კვლავ დახურულია 

სატრანსპორტო კოლაფსის მეორე დღე თბილისში - მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს. კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

მეტროს თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თბილისის მერის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხელფასების მომატებას მხოლოდ 2019 წლიდან დაჰპირდა.

კახი კალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არსებობს.

„ავუხსენით არსებული რეალური სიტუაცია, ის რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხანი თუ როგორი მდგომარეობაა ფინანსური როგორც კომპანიაში ასევე მერიაში, თუმცა ასევე მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, ის გასაჭირი რაც ამ ადამიანებს აქვთ და იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება და ვიმედოვნებ, რომ მეტრო ძალიან მალე გაიხსნება,“-აცხადებს დედაქალაქის მერი.

თბილისის მერის ამ განცხადებას მემანქანეთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რომლებმაც შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გაფიცული თანამშრომლები სამუშაოსთვის საათში 10 ლარიან ანაზღაურებას ითხოვენ. დღეს კი მათ სატრანსპორტო კომპანია 8 ლარსა და 65 თეთრს უხდის.

„თანხმობა არ იყო არაფერზე, მხოლოდ დაპირება, რომ 2019 წლიდან დავსხდებით და მოვილაპარაკებთო. ამიტომ გადაწყვეტილება მიღებულია, ვაგრძელებთ შიმშილობას, საგაფიცვო რეჟიმში ვართ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა,“-განაცხადა თბილისის მეტროს თანამშრომელმა მერაბ ბიჭიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები