05 მაისი 2024,   14:25
ვრცლად
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია - საპარლამენტო კომიტეტებში სამთავრობო ცვლილებების განხილვა დაიწყო

საპარლამენტო კომიტეტებში სამთავრობო ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. დაჩქარებული წესით კანონში შესატან ცვლილებაზე მსჯელობას ექვსივე სავალდებულო კომიტეტი დღეს გეგმავს.

ამ დროისთვის განათლების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს. კომიტეტების სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში ყველაზე დიდი გაერთიანების საკითხს განიხილავენ.

როგორც ცნობილია, ერთ სამინისტროში თავს მოიყრის, განათლების, კულტურის და სპორტის კომპონენტები.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით არ იცვლება, რაც არის დამტკიცებული ბიუჯეტი ამ ეტაპზე ამ კუთხით არის წარმოდგენილი ეს გაერთიანებები.

პრიორიტეტებს რაც შეეხება, ყველა სფერო და დარგი არის პრიორიტეტული მთავრობისთვის.

რაც შეეხება განათლების სამინისტროსთან მიერთებას კულტურისა და სპორტის სამინისტროსი, მერე უკვე შიგნით გაერთიანებული სამინისტროს ფარგლებში ყველა ფუნქცია იქნება ისე გადანაწილებული პრიორიტეტი გაერთიანებულ სამინისტროში იქნება ყველა დარგი და სფერო რაც მათ ფუნქციებში შევა“- აცხადებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე.

გარდა ამისა, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება. ცნობილია, რომ გაუქმდება დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ასევე გაერთიანდება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროები.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ მცირე მთავრობა ბევრად ეფექტური იქნება.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკანონმდებლო პაკეტი უკვე საბოლოოდ დამტკიცდება. ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

დღის ამბები