05 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
"საქართველო უფრო მეტ პოზიტიურ პოლიტიკურ ნაბიჯებზე ვერ წავა, სანამ საუბარი არ დაიწყება დეოკუპაციაზე" - ვოლსკი

მოსკოვის გზავნილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სადაც საუბარია რუსეთის მზაობაზე, აღდგეს საქართველოსთან სრულფასოვანი ურთიერთობები, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ერთი ნაწილს ხისტი პოზიცია აქვს და აცხადებენ, რომ რუსეთთან საქართველოს სასაუბრო არ აქვს მანამ, ვიდრე არ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთთან საქართველოს აქვს გარკვეული ურთიერთობები შეზღუდულ ფორმატში, თუმცა უფრო პოზიტიური ურთიერთობა ვერ იქნება, თუკი არ მოხდება დეოკუპაცია.

"ჩვენ ასე კომპლექსურად უნდა შევხედოთ საკითხს და არა ხისტი ნათქვამით, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ სანამ არ იქნება დეოკუპაცია ჩვენ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ, არის გარკვეული შეზღუდული ფორმატებით ურთიერთობა რუსეთთან მაგრამ, რეალურად საქართველოს მხარე უფრო მეტ პოზიტიურ პოლიტიკურ ნაბიჯებზე ვერ წავა, სანამ რეალურად საუბარი არ დაიწყება დეოკუპაციაზე,"-ამბობს ვოლსკი.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საქართველო არ არის მზად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენაზე დაიწყოს საუბარი, ვიდრე არ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთი არ უარყოფს ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობას.

„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება.

დღის ამბები