16 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
ზუგდიდის მერმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ „შაბათის კურიერი“ მის კორუფციულ გარიგებებზე ჩანაწერს ფლობდა

ზუგდიდის მერმა, რომლის სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას „შაბათის კურიერი“ ამზადებდა, თანამდებობა დატოვა.

მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. "შაბათის კურიერის" მიერ მოპოვებულ  ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს.

ისმის ასევე სხვა მაღალჩინოსნების გვარებიც, რომლებიც ასევე ფიგურირებდნენ ამ კორუფციულ სქემაში.

ჩინოვნიკებს თანხა ბიზნესმენმა კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სურვილით გადაიხადა, თუმცა, ჩანაწერებით ირკვევა, რომ თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც“შაბათის კურიერს“ მიაწოდეს ინფორმაცია, ჩანაწერი ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის კაბინეტშია გაკეთებული. ლევან გოგია რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს ზურაბ კვირკვიას ესაუბრება.

გარიგება კი ზუგდიდის რამდენიმე ობიექტს ეხება. გარიგების თანახმად კვირიკვიას  ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური უნდა გადასცემოდა. გარიგების მიხედვით, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ეს ტერიტორია დაბალ ფასად უნდა გადასცემოდა რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს, რაც ასე არ მოხდა. სწორედ ამ ჩაშლილმა გარიგებამ გამოიწვია კვირკვიას გაღიზიანება.

"კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ...
გოგია: ვინ აიღო ფული?
კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?
კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.
გოგია: რატომ არ დაინტერესდი?
კვირკვია:  არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?
გოგია: რატომ მიყვირი?
კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.
გოგია: დამშვიდდი.
კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?" - ეს არის ჩანაწერი, რომელიც “შაბათის კურიერმა“ მოიპოვა.

დღის ამბები