ამ წუთებში, პარლამენტი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვას იწყებს. კომისიის დასკვნა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მოამზადეს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. დოკუმენტში საუბარია, მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების აუცილებლობაზე. და ამასთან, შს და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც.
ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის ოფიციალურ დასკვნას დადგენილების საკუთარ ვერსიას დაუპირისპირებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, კომისიამ არასრულწოვნების მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დაადგინა.
„პრეტენზია მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ვერ გახსნეს ბოლომდე საქმე და ვერ დაადგინეს ბოლომდე ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა სარალიძე. აქედან გამომდინარე ამოცანად დაისახა კომისიამ ამ ჭეშმარიტების დადგენა. თუმცა ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სამი თვის თავზე კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ბუნებრივია იმის ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა, შსს იყო მართალი. კერძოდ, არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგენას. აქედან გამომდინარე ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხის. აქედან გამომდინარე საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და მით უმეტეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არის რა თქმა არის ზედმეტი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.