08 იანვარი 2025,   18:55
ვრცლად
მაკრონის განცხადება და რჩევა პარიზს თბილისიდან: პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ახალი არჩევნები საფრანგეთს უფრო სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს არჩევნებში რუსული აგრესიის კვალს ხედავს. განცხადება ემანუელ მაკრონმა ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა, როდესაც ის მეზობელი ქვეყნების მიმართ კრემლის დამოკიდებულებაზე საუბრობდა. ამ კონტექსტში, მან საქართველო მოლდოვასთან ერთად ახსენა.

მაკრონის განცხადება სოციალურ ქსელში გააზიარა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა. შერაზ გასრიმ დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს საქართველოში ახალ არჩევნებში ხედავს. დიპლომატის გზავნილს სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. "არ ვაპირებ საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ, "ლე ფიგაროს" მონაცემებით, ფრანგების 61 პროცენტი პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, 50 პროცენტზე მეტს კი ეროვნული ასამბლეის დათხოვნა უნდა, ახალი არჩევნები შესაძლოა კარგი გამოსავალი იყოს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევიან, საკუთარ ქვეყანაში თავადვე განიცდიან საზოგადოებისგან ნდობის დეფიციტს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები ცრუ ნარატივს ეფუძნება და ეს, პირველ რიგში, საელჩოს პასუხისმგებლობაა.

რა კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა მაკრონი, როდესაც საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე მიუთითებს? - ამაზე ვერც ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ. თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ქვეყანაში ახალი არჩევნების საჭიროებაზე მიუთითებს.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ მაკრონის განცხადება საქართველოში საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას ემსახურება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონკრეტული დარღვევა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ახსენა, არჩევნების დელეგიტიმაციის მიზნით არგუმენტად ვერ გამოდგება.

ემანუელ მაკრონის განცხადების შესახებ, ჟურნალისტებმა კითხვა პრემიერ-მინისტრსაც დაუსვეს. საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევის შედეგად რეალური პრობლემა სხვაგან დგას.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

დღის ამბები