კანადის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ჯასტინ ტრუდომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ოტავაში, "რიდო კოტეჯის" რეზიდენციაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამოაცხადა. 53 წლის ტრიუდო მმართველის პოზიციას 9 წლის განმავლობაში იკავებდა. პრემიერობის პოსტთან ერთად, მან მმართველი "ლიბერალური პარტიის" ლიდერის პოსტიც დატოვა.
თავად ტრიუდო გადადგომის მიზეზად შინაგან ბრძოლას ასახელებს, თუმცა, სხვა მიზეზი იკვეთება იმ რეიტინგებში, რომელიც მისმა პარტიამ წინასწარი გამოკითხვებით მოიპოვა. "სი ბი ეს-ის" მონაცემებით, "ლიბერალურ პარტია" საპარლამენტო არჩევნებში ხმების 20%-ის მოპოვებას შეძლებს, მისი მეტოქე "კონსერვატიული პარტია" კი ორჯერ მეტს.
ტრიუდოს პოლიტიკური კარიერის დასრულების საკუთარი ვერსია აქვს ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრემიერის გადადგომის მიზეზი ზუსტად შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმილი ცვლილებაა. ცნობილია, რომ ტრამპი ამერიკაში კანადური პროდუქციაზე 25%-იანი გადასახადის დაწესებას აპირებს, რამაც შესაძლოა კანადის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ამასთან, დონალდ ტრამპმა, საკუთარი მოწოდება გაიმეორა და კანადას ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეერთება კიდევ ერთხელ შესთავაზა.
ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე ლიბერალური პარტია მის შემცვლელს არ მოძებნის. პარტიის ყრილობა ხვალ იგეგმება. განსახილველი საკითხი პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის დასახელება იქნება, რომელიც ქვეყანას 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადებს.
ავტორი: ლუკა ჩალაძე