სახელმწიფო ინტერესების ღალატის მორიგი მტკიცებულება - მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილისთვის დანიშნულ სტიპენდიას ეხმაურება. საუბარია "მაკკეინის ინსტიტუტის" ფულად ჯილდოზე, რომელსაც ზურაბიშვილი, ორგანიზაციის მტკიცებით, ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად მიიღებს. სახელისუფლებო გუნდის წევრების თქმით, ექსპრეზიდენტს, რეალურად, საკუთარი დესტრუქციული ქმედებები დაუფასდა. პარლამენტის სპიკერმა, დღეს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, "ტაფტის უნივერსიტეტში" მიხეილ სააკაშვილის დასაქმებაც გაიხსენა და თქვა, რომ სააკაშვილისა და ზურაბიშვილის პოლიტიკურ ხედვებს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია.
განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის "მაკკეინის ინსტიტუტის" სტიპენდია, მმართველობის დემოკრატიული სტილის დაფასებაა. თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობაში" იმასაც აკონკრეტებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კარიერის მიხეილ სააკაშვილთან გათანაბრება შეუძლებელია.
მმართველ პარტიაში არ უკვირთ "მაკკეინის ინსტიტუტისა" და ოპოზიციის ხედვების დამთხვევა. კანონმდებლებმა, დღეს, საპარლამენტო არჩევნებამდე, ანალიტიკური ცენტრის მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებული გზამკვლევიც გაიხსენეს. თქვეს, რომ დესტაბილიზაცია და არჩევნების დისკრედიტირება ინსტიტუტის გაცხადებული მიზანი იყო. სალომე ზურაბიშვილი კი, მათი აზრით, სწორედ იმ ინსტრუქციების შემსრულებელია, რომელიც უცხოელი ლობისტებისგან არჩევნებამდე გაიცა.
სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის 29 დეკემბერს ამოიწურა. "მაკკეინის ინსტიტუტის" 6 იანვრის გადაწყვეტილებით, ზურაბიშვილი არიზონას შტატის უნივერსიტეტში, კისინჯერის სახელობის სტიპენდიას მიიღებს.