25 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება სად არის, ან განვითარება - ნიკა მელია ბილბორდზე ზურაბიშვილის ნაცვლად ივანიშვილის ფოტოს განთავსებას ეხმაურება

წინასაარჩევნო ბილბორდებზე საპრეზიდენტო კანდიდატის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების ფოტოების განთავსებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება.

ნიკა მელიას თქმით, ბილბორდიდან სალომე ზურაბიშვილის გაქრობა და მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ფოტოს განთავსება რეიტინგის აწევას ისახავს მიზნად. ნიკა მელიას შეფასებით, ივანიშვილს ჰგონია, რომ საზოგადოებაში ჭარბი ნდობა აქვს, თუმცა, მისი თქმით, „ოცნების“ ლიდერი ცდება.

„როგორი ადამიანები გააკრეს საარჩევნო ბანერებზე, ადამიანები, ვინც ისტორიულ ნიშნულამდე ლარი გააუფასურა, საწვავი ისტორიულ ნიშნულამდე გააძვირა. ვის პირობებშიც გაჭირვებული კიდევ უფრო გაჭირვებულად გრძნობს თავს და ღარიბი გაღატაკდა. ვის პირობებშიც 800 ათასი ქართველი ქვეყნიდან გავიდა, მილიონამდე სოციალურად დაუცველია, 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და უკეთესი ხვალინდელი დღის პერსპექტივაც დაიკარგა და ეს ყველაფერი შექმნა ივანიშვილმა. მას მიაჩნია, რომ კვლავ აქვს ის ჭარბი ნდობა საზოგადოებაში და უთხრა შტაბის წევრებს, რომ აუცილებლად გააკარით ჩემი ბილბორდები და მიაწერეთ - თავისუფლება, განვითარება და ღირსება, ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება სად არის ან განვითარება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები დღეს დილიდან გაჩნდა. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა ბანერზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.

დღის ამბები