19 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ - ოჯახი ლუკა ჩხეტიას უდანაშაულობაში დარწმუნებულია

თბილისში დაკავებულ 6 უკრაინელ და ერთ ქართველ სამხედროს ბრალი დღეს წარედგინებათ. ადვოკატი უკვე შესულია წინასწარი დაკავების იზოლატორში და ის უკრაინულ ბატალიონ „დონბასის“ წევრების ბრალის წარდგენის პროცედურას დაესწრება.

შვიდივე სამხედრო გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

როგორც ადვოკატი გიორგი როსტომაშვილმა, პოლიციის სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, შვიდივე დაკავებული მზად არის საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.  

„დაკავებულები მზად არიან რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცონ. აღნიშნული პოზიციები შეჯერდება, როცა საქმის მასალები გადმოგვეცემა,“-ამბობს როსტომაშვილი.

რაც შეეხება დაკავებული სამხედრო ლუკა ჩხეტიას საქმეს. ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჩხრეკა სამეგრელოში მათ საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, თუმცა სამართალდამცველებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

„გუშინ იყვნენ მოსულები ნაშუადღევს, 20 კაცამდე იყო, შემოვიდნენ. შევუშვი სახლში. ყველაფერი, ზევითა სართული, ქვევითა სართული, დამხმარე ნაგებობები, ყველაფერი გაჩხრიკეს, ნაპოვნი არაფერი არ არის, 3-4 საათი მიმდინარეობდა ჩხრეკა,“-ამბობს დაკავებულის მამა სერიოჟა ჩხეტია.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ ლუკა ჩხეტიას იარაღი ჩაუდეს. ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები