26 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმე - ცხედრის სამძებრო სამუშაოები სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე დაიწყო 

ამ წუთებში გორში სამართალდამცავები იმ ადგილს თხრიან, სადაც სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარია დაკრძალული. აღნიშნული ადგილი პოლიციას  გორში, 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა. დაახლოებით ორი კვირის წინ განხორციელდა ტერიტორიის სკანერით დათვალიერება და ამის შემდეგ დაიგეგმა უკვე ის სამუშაოები, რომელიც დღეს მიმდინარეობს.

2 საათზე მეტია სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სამართალდამცავებს აქვთ გაშლილი სპეციალური კარავი, რომლის შიგნითაც მონიშნულია რამდენიმე ადგილი და სწორედ ამ მონაკვეთებზე მიმდინარეობს თხრა.

გარდა ამისა, დღეს დილით პოლიციაში დაიბარეს 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის მშობლებიც და მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა ბავშვი მშობლები გააფრთხილეს დნმ-ის ანალიზის ჩაბარების აუცილებლობაზე. 

მიმდინარე სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ნ.-მ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს,“-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები