24 აპრილი 2024,   21:24
ვრცლად
"ჩვენს ინტერესებშია ვიმუშაოთ საქართველოსთან და უკრაინასთან, რომლებმაც რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ტანჯვა გამოიარეს,“ - სტოლტენბერგი

საქართველში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ნატო-ს გენერალური მდივანიც ეხმაურება. იენს სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია დროულად აღმოიფხვრას ის დარღვევები, რომლებზეც საერთაშორისო დამკვირვებლები მიუთითებენ.

„ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს. ნატო-ს არ ჰყავდა სადამკვირვებლო მისია, ამას სხვა ორგანიზაციები აკეთებენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვირვებლებს ჰქონდეთ სრული წვდომა და ის პრობლემები, რომლებიც წამოწიეს ღიად და გამჭვირვალედ მოგვარდეს,“-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე, და ამ კონტექსტში საქართველოს როლზეც. მისი თქმით, ამ საკითხებზე ხვალ ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრებენ.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენ გვყავს ორი ღირებული პარტნიორი ქვეყანა - საქართველო და უკრაინა. ვმუშაობთ მათთან ერთად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. შავი ზღვის და აზოვის ზღვის სიტუაციაზე ვილაპარაკებთ ხვალ ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ვმუშაობთ ასევე საქართველოსთან რომ მოახდინოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და შექმნას თავდაცვითი ძალები.

"ასევე ვმუშაობთ, რომ საქართველომ გააძლიეროს სანაპირო დაცვა, რაც საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს. ამით ვაჩვენებთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა ღირებულია ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ნატოსთვისაც, რადგან როდესაც ჩვენი მეზობლები უფრო სტაბილურები არიან, ჩვენ უფრო დაცულები ვართ. ჩვენს ინტერესებშია ვიმუშაოთ საქართველოსთან და უკრაინასთან, რომლებმაც რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ტანჯვა გამოიარეს,“-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ხვალ ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი იხსნება. მასში მონაწილეობას საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

 

დღის ამბები