02 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
"სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები," - ოპოზიცია ია კერზაიაზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

„ეს ქმედებები საჭიროებს დამატებით შესწავლას და რეაგირებას პროკურატურის მხრიდან,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე საუბრისას გააკეთა.

ორი დღეა ია კერზაია კომაშია. დირექტორი „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სწორედ ამ ზეწოლის შემდეგ მიიღო ია კერზაიამ ინსულტის შეტევა. ოთარ კახიძე მომხდარ ფაქტში სისხლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.

„მათ აბსოლუტურად უკანონოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, აწარმოეს საპროკურორო სტილის დაკითხვები პირველ და მეორე ტურებს შორის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის თანამშრომლებზე და ამ სკოლის დირექტორზე, ქალბატონ ია კერზაიაზე. ეს ქმედებები საჭიროებს დამატებით შესწავლას და რეაგირებას პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ჩადენილი ამ ორი ადამიანის მიერ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ია კერზაია გამონაკლისი არ ყოფილა და ზეწოლა სხვა სკოლის დირექტორებზეც ხდებოდა.  

„ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ყველა სკოლის დირექტორზე მოხდა იგივენაირი ზეწოლა, ყველა სასწავლო დაწესებულებაზე. ანუ, ფაქტიურად, განათლების სისტემა უნდოდათ გადაეკეთებინათ „ქართული ოცნების“ ზონდერ დაჯგუფებად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პედაგოგი, ძალიან ბევრი სკოლის დირექტორი შეეწინააღმდეგა ამას და ჩვენ ალბათ, სამწუხაროდ, ვიხილავთ ამ დღეებში იმ რეპრესიების ტალღას, რომელიც განხორციელდება განათლების სისტემაში,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

დღის ამბები