19 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
ვალების განულებას და ე.წ. შავი სიიდან მოსახლეობის ამოწერას, ოპოზიცია სკეპტიკურად აფასებს

ვალების განულებას და ე.წ. შავი სიიდან მოსახლეობის ამოწერას, ოპოზიცია სკეპტიკურად აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიების გაბერვა ხდება და რეალურად, მილიარდნახევრის ოდენობის ვალის ჩამოწერა არ მოხდება.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხანდაზმულობის ვადაგადასული სესხებიც კი ამ სიაშია.

„ამ შავ სიაში გაჩნდნენ უკვე ის ხალხი, რომლებსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად, არ აქვთ არანაირი მოძრაობა და ხუთი წელი გასულია ხანდაზმულობის ვადა და იღებდნენ სესხებს ჩვეულებრივად და უცბად, ორიოდე კვირის წინ ისინი კვლავ გააცოცხლეს ამ სიაში. ძალიან უცნაურია, რატომ მოხდა ეს, შეიძლება, სიის გაბერვა უნდათ. მათ შორის, გაუქმებული "პრივატ ბანკი," რომელიც "საქართველოს ბანკმა" შეისყიდა. "პრივატ ბანკის" ძველი სესხები გაცოცხლდაო, ახლა გვეუბნებიან, გაკვირვებულები არიან, არ ვიყავით ამ სიაში, ისევ აღმოვჩნდითო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს არ სჯერა, რომ ვალების განულების პროგრამა 600 ათას ადამიანს შეეხება. ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეს არის ივანიშვილის მორიგი ტყუილი, რომელიც არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად სჭირდებოდა.

„აბსოლუტური ტყუილია ის, რომ ის შეეხება 600 ათას ადამიანს და ასევე აბსოლუტური ტყუილია, თითქოს აქ ლაპარაკი არის მილიარდნახევრის ოდენობის ვალის ჩამოწერაზე. ჩვენ ვნახავთ, რომ ეს რიცხვები ახლოსაც არ იქნება რეალურ რიცხვებთან და შესაბამისად, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტყუილი, რომელიც მან მოიგონა კიდევ ერთი არჩევნების წინ,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე. მისი თქმით, ვალების განულების პროცესი 31 დეკემბერს აუცილებლად დასრულდება.

„ახლაც მიმდინარეობს დაზუსტება მაგრამ არ აცდება ეს 15 დეკემბერს, რომ ვალების პატიების პროცესი დაიწყოს და დამთავრდება 31 დეკემბერს. მთლიანად, აქტივები, რომლებიც უნდა ჩამოიწეროს არის მილიარდ ნახევრის. რა მოცულობის თანხა დასჭირდება ამას, ეს არის თემა, რომელიც უნდა დაზუსტდეს „ქართუ ბანკთან“ იმიტომ, რომ ორ კერძო სტრუქტურას შორის არის პროცესი,“ - განაცხადა კოვზანაძემ.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.

ვალების განულების პროგრამა 16 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 

დღის ამბები