26 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
ვალების განულების პროგრამა და ამ დრომდე აუმუშავებელი საიტი - ფინანსთა მინისტრი და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენელი განმარტებას აკეთებენ

ვალების განულებასთან დაკავშირებით ამ დრომდე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ ვის შეეხება ეს პროგრამა. ამ დრომდე არ ამუშავებულა საიტი, საიდანაც უნდა მიეღო მოსახლეობას ინფორმაცია ვალების ჩამოწერის და შავი სიიდან ამოღების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ  საიტის ამუშავება ტექნიკური სამუშაოების გამო არის შეფერხებული. მაჭავარიანის თქმით, ამ პროგრამაში დამატებით ჩაერთო 10-მდე კომპანია.

„მგონია, რომ უახლოეს მომავალში იქნება საკუთრივ პორტალი, ეს არის ტექნიკური სამუშაოების გამო, მაგრამ ამას თავისი დადებითი მხარეები აქვს, იმიტომ, რომ 10-მდე თუ მეტი არა, ახალი საფინანსო ინსტიტუტი ჩაერთო და ახალი ბაზა დაემატა, ეს არის ძირითადი მიზეზი. რაც ჩემთვის ცნობილია, მე მგონი, იმ ტემპებს, რასაც საკუთრივ ვალის ჩამოწერა და სიების გასუფთავება ნიშნავს, ის ყველა ვარიანტში იმ ვადებში ჩაეტევა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ საიტი ტექნიკურად გამართულია და სიების გადამოწმება მიმდინარეობს.

„როგორც კი დაიდება, ასე ვთქვათ, სიები, მოხდება მათი მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის. ფონდი „ქართუ“ თავის მხრივ მზად არის, საიტი ტექნიკურად გამართულია,“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.

ვალების განულების პროგრამა 16 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 

დღის ამბები