19 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
მუსლიმი სასულიერო პირი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს გარიგებაში ადანაშაულებს

ორი ქვეყნის საზღვრიდან გატაცებული და ბაქოს ციხეში გამომწყვდეული მირთაღ ასადოვის პირველ ინტერვიუ „კურიერთან.“  შეიხი ასადოვი ეჭვობს, რომ აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით დააკავეს. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით ცნობილი შეიხი, ბაქოს ციხეში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩასვეს და არჩევნების დასრულებისთანავე გამოუშვეს. დღემდე არ იცის, რისთვის იხდიდა სასჯელს 20 დღე. დარწმუნებულია, რომ ბაქოსა და თბილისს შორის გარიგების შედეგად ის, როგორც ავტორიტეტული შეიხი და უფლებადამცველი, ამ ფორმით გაანეიტრალეს.

შეიხი ამბობს, რომ დეტალებზე საჯაროდ მოგვიანებით, მას შემდეგ ისაუბრებს, რაც იურისტებთან კონსულტაციებს გაივლის და მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაშიც დარწმუნდება, თუმცა მანამდე „კურიერს“ უყვება, რომ აზერბაიჯანელი სამართალდამცველების მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო, სანამ აღიარებითი ჩვენების მიცემა არ აიძულეს.

ასადოვის კოლეგა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ეს თავისუფალ, კრიტიკულ აზრზე შეტევის მცდელობაა. მირთაღ ასადოვი ქვემო ქართლში მცხოვრები მუსლიმი თემის სასულიერო ლიდერი და უფლებადამცველია, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს ხშირად სასამართლოს გზით იცავს და ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ასადოვის საქმესთან დაკავშირებით უფლებადამცველებს აქვთ, მისი დაკავებისა და გათავისუფლების თარიღს უკავშირდება. ასადოვი 7 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე დააპატიმრეს და არჩევნების მეორე დღესვე, 29 ნოემბერს, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.  საეჭვო გარემოებების გარკვევას ელოდება სახალხო დამცველიც.

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი.

დღის ამბები