19 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი მედიას ისევ ემალება - პრეზიდენტი დახურულ შეხვედრებს მართავს

სალომე ზურაბიშვილი მედიას ისევ ემალება, ფიცის დადების მეორე დღესაც ის ტელეკამერების წინ ისევ არ გამოჩენილა. პრეზიდენტის რანგში პირველი სამუშაო დღე სასტუმრო "წინანდალ-რედისონში" გაატარა და როგორც მისი ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, სომხეთის პირველ პირს, თურქეთის ვიცეპრეზიდენტსა და პოლონეთის დელეგაციას შეხვდა.

იმის მიუხედავად, რომ სალომე ზურაბიშვილი საჯარო პირია და მისი აქტივობები დღეიდან საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, მედია ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული საერთოდ არ ყოფილა. შეხვედრების კადრები გადაიღეს, თუმცა ის ამ დრომდე ჟურნალისტებისთვის არ მიუწოდებიათ.

ცნობილი გახდა, რომ ხვალ სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციას დაათვალიერებს. მზად არ არის პრეზიდენტის ფლიგელი, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს შენობის უკანა, ადმინისტრაციის ნაწილში დროებითი კაბინეტი ექნება.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციას მომავალ კვირას დააკომპლექტებს. პრეზიდენტის სასახლის 114 მოქმედი თანამშრომელი კი ამ დრომდე სრულ გაურკვევლობაშია. ადმინისტრაციის ძველი ხელმძღვანელი თანამდებობიდან უკვე გადადგა, ახალი კი ჯერ არ მისულა. 

რეორგანიზაცია ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა როგორც ჩანს, თანამშრომელთა ნაწილის გაშვება უკვე გადაწყვეტილია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მედიასთან ურთიერთობა იმის გამო უჭირთ, რომ პრეზიდენტს პრესსამსახური არ ჰყავს. არადა ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან და არავის გაუთავისუფლებია ქვეყნის პირველი პირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ათამდე თანამშრომელი.

დღის ამბები