25 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
"საბაჟო კოდექსის" კანონპროექტის განხილვას პარლამენტში კამათი მოჰყვა - ოპოზიციამ განხილვის გადადება მოითხოვა

პარლამენტმა საბაჟო კოდექსის კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. დღეს განხილვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გაიმართა.

ოპოზიცია განხილვის გადადებას ითხოვდა, რადგან პროექტი პარლამენტში მხოლოდ გუშინ შევიდა და 2000-გვერდიანი დოკუმენტის წაკითხვა დეპუტატებმა ვერ მოასწრეს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდებს, რომ კანონპროექტი გაზაფხულზე დამტკიცონ.

„მიეცით კომიტეტს დრო, რომ იმუშაოს მშვიდად და მივიღოთ მარტში ან თებერვალში, ისე არა, რომ პარლამენტი რასაც გინდათ იმას იზამს, გადმოაგდებთ და უნდა გაკეთდეს, არც ლოგიკა იყოს, არც არგუმენტი და არც არაფერი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საბაჟო კოდექსის კანონპროექტის დაჩქარებულ ტემპში განხილვას აკრიტიკებს ასევე პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. ოპოზიციონერი დეპუტატი კანონპროექტის განსახილველად საჭირო დროის სიმცირეზე ამახვილებს ყურადღებას.

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი, დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, რის განსახილველადაც კომიტეტი მზად არ არის.

საბაჟო კოდექსის წასაკითხად დრო რომ არ იყო საკმარისი უმრავლესობაშიც აღიარებენ, თუმცა კომიტეტი მთავრობას ფაქტიურად ბრმად ენდო და შემოთავაზებულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომან კაკულიასთვის კანონპროექტის ძირითადი პრინციპები მისაღებია, თუმცა, ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან სათანადო არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი ოპონენტების პასუხად ამბობს, რომ თუ პარლამენტი პრინციპების დონეზე დაუჭერს მხარს კანონპროექტს, დეტალური განხილვა დროში გადაიწევს.

განხილვა ახლა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში უნდა გაგრძელდეს. 

დღის ამბები