24 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
"არ მეგონა, რომ ამ დონემდე დაეცემოდით..." - უზენაეს სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების დასახელებას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურა დაასახელა. საბჭომ კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და თავად საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

სწორედ მიხეილ ჩინჩალაძე სახელდებოდა სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის სათავედ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს ინსტანციაში უვადოდ გამწესებას  ჩინჩალაძესთან ერთად, საბჭოს ორ წევრსაც უპირებს. ინციატივას დღევანდელ სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი კრიტიკა და პროტესტი მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურის დასახელებამ გამოიწვია. 

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხელიდან გაუშვა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების უკანასკნელი შანსი.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ თქვენ დაეცემოდით ამ დონემდე. იმ ტოტს გადახერხავდით, ბოლო ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია თქვენი საკუთარი კარიერების გადასარჩენად. დღეს თქვენ პროცესუალურადაც და შინაარსობრივადაც, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ. მადლობა ღმერთს, შეგვიძლია ჩინჩალაძე დავიმახსოვროთ, რომელმაც ისე განვლო თავისი პერიოდი უზენაეს სასამართლოში, რომ ერთეულები აქვს საქმე განხილული და რატომ უნდა წავიდეს უზენაესში? რომ უდიდესი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს? დისციპლინური საჩივარია მასზე შემოტანილი, როგორც ადამიანზე, რომელიც საქმეებს არ იხილავდა და მილიონზე მეტი ლარი აქვს ხელფასის სახით აღებული. ესეთი ადამიანი გინდათ თქვენ სასამართლოში? ეს ნამდვილად იყო ბოლო, საკონტროლო ტყვია, რომელიც თქვენ დაასვით თქვენ თავს და ამ ნაბიჯით დაასვით სასამართლო სისტემას,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა,  ანა დოლიძემ.

მიხეილ ჩინჩალაძის დასახელების გამო უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც

„მე მაინც მქონდა იმედი, რომ ალბათ შეგრცხვებოდათ, მაგრამ არ შეგრცხვათ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთ კარგ რამეებს უკეთებთ, დიდი მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანას სჭირდება,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

არამოსამართლე წვერების მწვავე კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა. მიქაუტაძემ კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.

„ეს არის მოსამართლეებთან შეჯერებული პოზიცია და ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებების პირნათლად შესრულებაში,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები