13 ივლისი 2024,   19:39
ვრცლად
„ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო" - "ქართული ოცნება" ჟვანიას დანიშვნაზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

მმართველი გუნდი თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბრალდებები თითქოს ჟვანია ხელისუფლების მითითებით დაინიშნა სიმართლეს არ შეესაბამება. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს.

„ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო. ის იღებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ხმების ორი მესამედით, როგორც ჩანს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია ეს ამბავი, როგორც ჩანს თამარ ჟვანიამ ხმების ეს რაოდენობა მოაგროვა და შესაბამისად იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი ოპონენტები ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით  ასე ლაპარაკობენ,“ -განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ცესკო თავმჯდომარის არჩევის პროცესს ოპოზიციამ ფარსი უწოდა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ამ გზით ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადა თამარ ჟვანიას იმ ტოტალურ გაყალბებაში მონაწილეობისთვის რასაც ადგილი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. 

წარდგენილი სამი კანდიდატიდან ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა თამარ ჟვანიამ მეორე ვადით, 8  ხმით დაიკავა. ვლადიმერ ბოჟაძემ კი ერთი ხმა მიიღო. მარიამ შენგელიას მხარი კომისიის არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა. 

დღის ამბები