20 ივლისი 2024,   02:22
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატურა - არასამთავრობოები კლანურ მმართველობაზე საუბრობენ 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატურა დასახელდა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობოები  ათივე კანდიდატურას აკრიტიკებენ და აქცენტს მათ კლანურ მმართველობაზე აკეთებენ. 

წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და თავად საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

სამოქალაქო სექტორის ის წევრები, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ, წლებია თვალს ადევნებენ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ამბობს, რომ დღის წესრიგი ცნობილი მხოლოდ გვიან საღამოს გახდა და საბჭომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად და ფარულად მიიღო.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაჩქარევად და ჩუმად გუშინ გვიან ღამე ჩაესვა დღის წესრიგში ეს საკითხი და დღეს უკვე გამოაცხადეს კონკრეტული გვარები, რომელშიც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემური მოსამართლე მოჰყვა,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, ოლიკო შერმადინი დასახელებულ კანდიდატებს კლანის წარმომადგენელს უწოდებს. მისი თქმით, კანდიდატების დამტკიცება პარლამენტმა არ უნდა დაუშვას. 

„პარლამენტმა არ უნდა დაუშვას, რომ ამ წესით და ასეთი პროცედურული დარღვევებით წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცოს და რაც მთავარია, არ უნდა დაამტკიცოს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანდიდატები არიან კლანის წარმომადგენლები მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და სხვები და არიან მხოლოდ და მხოლოდ სისტემისადმი ერთგულების ნიშნით შერჩეული,“ - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი, ეკატერინე ციმაკურიძე.

„ის ადამიანები, ვინც არიან ამ სიაში შეყვანილი, არიან შერჩეული მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი არიან მოქმედი მოსამართლეები და რომ ისინი მუდმივად სხვადასხვა დროს იყვნენ ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ან არიან მოქმედი წევრები, ან სასამართლოების თავმჯდომარეები. მყარად არიან დაკავშირებული კლანთან," - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები