19 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
ქულების მინიჭება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის - ოპოზიცია კორუფციულ ელემენტებზე საუბრობს

სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მინიჭებული ქულებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას და რეკომენდაციებს ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები ქულების არაობიექტურ მინიჭებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ქულების მინიჭების დროს კორუფციული ელემენტები იკვეთება. მისივე შეფასებით, სოციალურად დაუცველების სიაში ჩასმა საარჩევნო პერიოდში მანიპულირების საბაბი გახდა.

„შემწეობების საკითხში არის სერიოზული დარღვევები. ერთი მხრივ, არის კორუფციული ელემენტები, მეორე მხრივ, თავმოუბმელობა და მოუწესრიგებლობა. მაგრამ ყველაზე მძიმე აქ არის ის, როდესაც ის გამოიყენებოდა საარჩევნო მიზნებისთვის, ხდებოდა ადამიანების დევნა, ხდებოდა მათზე ზეწოლა, ხდებოდა მანიპულაციები, სიაში შემწეობების მიმღებთა რიცხვის ზრდა და შემცირება იმისდა მიხედვით, თუ როგორ აწყობდათ მათ წინასაარჩევნოდ ამ ადამიანების გამოყენება. ამიტომ მას აქვს უკვე სერიოზული პოლიტიკურ დატვირთვა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობას რიგ შემთხვევებში მანიპულირების საშუალება ეძლევა.

„მთავრობა უნდა ატარებდეს ზოგადად რეფორმებს და ყველა სხვადასხვა სფეროში რომ წარმატებული რეფორმა გვქონდეს, რაც არ გვაქვს „ქართული ოცნების“ პირობებში, მაშინ უნდა ხდებოდეს იმის შედეგების ასახვა ამ სოციალური მექანიზმის. იმის გამო, რომ ჭაობშია ყველაფერი გარეთ, ბუნებრივია, ეს ფორმულაც თავისთავად ჭაობდება, არაეფექტურია და როცა არაეფექტურია, მთავრობას, რა თქმა უნდა, ეძლევა მერე მანიპულაციის საშუალება, გამოიყენოს იმის მიხედვით, პოლიტიკურად როგორ სჭირდება,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.

საარსებო შემწეობების ადმინისტრირების მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქულების მინიჭების მექანიზმის მონიტორინგი განახორციელა. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ ქულების განსაზღვრა ობიექტურად უნდა ხდებოდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა შემუშავებული, რაც სენსიტიურ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის რისკს ზრდის.

დღის ამბები