26 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
მაღალჩინოსნების დაჭრისთვის ძებნილი გიორგი ყანჩაველი დაკავებულია

მაღალჩინოსნების დაჭრისთვის ძებნილი გიორგი ყანჩაველი დაკავებულია. იგი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ყანჩაველი კრწანისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოში 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. 

პოლიციის სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა გიორგი ყანჩაველის ადვოკატი. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ყანჩაველი ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებას იყენებს და პოლიციელებს არანაირ ინფორმაციას არ აწვდის.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ 10 დეკემბერს, იმ დროს როცა წყნეთში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა, გიორგი ყანჩაველი აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადვოკატის თქმით, დაკავებული არ უარყოფს, რომ იქ მყოფ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ჭრილობები ნამდვილად მიაყენა.

„ჩვენც გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ის გამოცხადებულიყო თავისი ნებით. განცხადების ტექსტიც კი მქონდა შედგენილი მაგის თაობაზე, მაგრამ ვიდრე ჩვენ გამოვაცხადებდით, მანამდე პოლიციამ შეძლო მისი დაკავება. არ არის ისეთი სიმძიმის დანაშაული, რომელიც მიმალვას და თავის არიდებას, მაინცდამაინც,  აუცილებელს ხდიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით, გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ. ძალიან ბევრი დეტალები  გაირკვევა და უფრო სწორი კვალიფიკაციაც მიეცემა. თვითონ ამბობს, რომ ის იყო აფექტურ და აუცილებელ მოგერიების ფარგლებში. რა თქმა უნდა, გადააჭარბა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის არ უარყოფს იმას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ინციდენტი 10 დეკემბერს, წყნეთში მოხდა, რის შედეგადაც 3 მაღალჩინოსანი ცივი იარაღით დაიჭრა.

დღის ამბები