20 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
გუნდის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა - მდინარაძე უზენაეს სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შესახებ საუბრობს 

„გუნდის შიგნით ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურის დასახელების შესახებ გააკეთა.

მამუკა მდინარაძემ წინასწარი რაიმე შეფასებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გუნდის შიგნით, ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ  მათი პოზიცია მას შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით გუნდის შიგნით ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, იმიტომ რომ დღეს გახდა მათი ვინაობის შესახებ ცნობილი და ამიტომ, ბუნებრივად შეუძლებელია პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, დავუჭერთ თუ არა მხარს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ. ჩემი  მხრიდან არასწორი იქნება რაიმე პოზიციის დაფიქსირება, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი საკითხები ხმოვანდება მხოლოდ და მხოლოდ გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურა დაასახელა. საბჭომ კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები