26 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
მანქანის სარკის გამო დაწყებული დავა სისხლიანი გარჩევით დასრულდა - ხანჯლით აჩეხილი 4 ახალგაზრდიდან, ორი გარდაიცვალა

მანქანის სარკის დაზიანების გამო დაწყებული დავა, რომელიც სასტიკი სისხლიანი გარჩევით დასრულდა - წავკისში, საქმის გასარჩევად  ახალგაზრდები ადგილზე შეიარაღებული მივიდნენ. კონფლიქტი ლექსო და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობით დასრულდა. ორივე ხანჯლით აჩეხეს. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ორი პირი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  მეორე კი რუსლან ზანტარაია მკურნალობას პალატაში განაგრძობს. ის მოკლული დავით ფეიქრიშვილის მეგობარია და სისხლიან დაპირისპირებაში შემთხვევით მოხვდა, ზანტარაია პოლონეთიდან ახალი ჩამოსულია და რამდენიმე დღეში ევროპაში სამუშაოდ წასვლას მოკლულ ფეიქრიშვილთან ერთად გეგმავდა.

სისხლიანი დაპირისპირება წავკისში, წავკისელის ქუჩის 58 ნომერთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათისთვის მოხდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მანამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ, სახლებიდან მხოლოდ მაშინ გამოვიდნენ, როცა მომაკვდავი ახალგაზრდებისთვის ხალხი შველას ითხოვდა. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები იხსენებენ რომ თავდამსხმელები რამდენიმე ავტომობილით იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ ჯგუფური მკვლელობის მუხლით იძიებს, თუმცა მომხდარიდან 24 საათის შემდეგაც დაკავებული არავინაა. წავკისში დღეს საუბრობდნენ, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ის მამასთან ერთად ქვეყნის დატოვებას გეგმავდა, ამ ინფორმაციას სამინისტრო ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს.

დღის ამბები