05 მაისი 2024,   05:15
ვრცლად
ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში გამოვლენილი პრობლემების რიცხვიც და სიმძიმეც გაცილებით დიდია.

ადმინისტრაციულ რესურსის მობილიზებასა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი.

ნატროშვილს საჯარო პირზე განხორციელებული ზეწოლის ერთ-ერთ მაგალითად, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის შემთხვევა მოჰყავს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას ავალებდნენ. ნატროშვილის შეფასებით, ია კერზაიას გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო ზემდგომი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია.

„ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ჰქონდა ფაქტობრივად, ადგილი საარჩევნო მიზნებისთვის, იყო გახშირებული მაგალითად, ზეწოლის ფაქტები საჯარო სამსახურში, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ორგანიზაციების მიმართ. გახსოვთ, რომ ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალებაც მოჰყვა ამ ყველაფერს, ზუგდიდში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელზეც სავარაუდოდ ზეწოლას ახორციელებდნენ ზემოდან, რომ ის ჩართული ყოფილიყო საარჩევნო კამპანიაში. იყო ასევე პრობლემური რიგი სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები, მათ შორის, გამოძიებები არ იყო ჩვენი აზრით, ეფექტური,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებს კითხვები ცენტრალური საარჩევნო კომისიასთანაც აქვთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საგამოძიებო უწყებებს საარჩევნო დარღვევებზე დროულ გამოძიებას, ცესკოს კი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები