27 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
გვექნება საპატრიარქოსთან საუბარი და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები - ირაკლი კობახიძე უკრაინის ეკლესიაზე საუბრობს

„გვექნება ბუნებრივია, საპატრიარქოსთან, პატრიარქთან საუბარი და ამის საფუძველზე ბუნებრივია, გახმოვანდება ჩვენი გზავნილები,“ - ამ განცხადებით, პარლამენტის თავჯდომარე უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გამოცხადებას ეხმაურება.

ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, ჯერჯერობით, საქართველოს საპატრიარქო დუმს და ოფიციალური პოზიციის გამჟღავნებას არ ჩქარობს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინელ მეგობრებთან ქართულ მხარეს მჭიდრო კავშირი აქვს და მათთან ამ საკითხზეც გაიმართება საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები პოზიციებს საპატრიარქოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გააჟღერებენ. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან. განსაკუთრებით მჭიდროა პარლამენტებს შორის კავშირები, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მე პირადად უკრაინის რადას თავმჯდომარესთან, ბატონ პარუბისთან და ზოგადად, თქვენ იცით, რომ ძალიან გააქტიურებულია პარლამენტებს შორის ურთიერთობები, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეაც შევქმენით ჩვენს მოლდოველ მეგობრებთან ერთად. შესაბამისად, თანამშრომლობა არის მჭიდრო, არის აქტიური. ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი ამ თემაზეც. ასევე, გვექნება ბუნებრივია, საპატრიარქოსთან, პატრიარქთან საუბარი და ამის საფუძველზე ბუნებრივია, გახმოვანდება ჩვენი გზავნილები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი სინოდის გადაწყვეტილებას ელის. ამ საკითხზე წინასწარ რაიმე კომენტარის გაკეთებას არასწორად მიიჩნევს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

„ჩვენ ბუნებრივია, ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, რომ მე მაგალითად, დღეს თქვენს წინაშე გავაკეთო რაღაც კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია ამასთან დაკავშირებით. ელოდებიან სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ამაზე მე მგონია, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არის ხელოვნური,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები